Wednesday, September 17, 2014

მზემ წაგიყვანა შენ



მზემ წაგიყვანა შენ..
მეც მინდა მზესთან ვიყო.
ღამე სიბნელეს ფენს.
თვალი შენს ნახვას ითხოვს.

შენ წაგიყვანა მზემ..
მე მეშინია ზამთრის:
ეს სუსხი უკვე მკბენს;
თოვლიც შენს სახელს წაშლის..

მზემ წაგიყვანა შენ..
მეც მზესთან ყოფნას ვითხოვ
ჩვენ დავამთავრეთ ფრედ..
გვითამაშია თითქოს.

Saturday, September 13, 2014

მზეს ვეძებ..

მზეს ვეძებ;
ვეძებ მზეს;
ვეძებ ზაფხულს..
სიგარეტს - დაშაქრულ თითებზე..
სიმშვიდეს, დაკარგულ მოსვენებას..
ქარისგან მოტანილ სიკეთეს..

ვეძებ  მეს,
გეძებ შენ,
ვეძებ სიტყვებს
და სახელს დაორთქლილ ჭიქაზე..
ზაფხულის სახსოვარ მოჩვენებას..
ბნელისთვის ნაჩუქარ სინათლეს..

ვეძებ გულს;
ვეძებ სულს;
ვეძებ სითბოს..
- უცნობი მუსიკის ხასიათს..
ვნებისგან დაღლილი ღამე ითხოვს
გრძნობებით გადამთბარ განთიადს..

ესეც შენ..
ესეც მე..
ესეც ასე!..
ვიცინე, ვიტირე, ვილაღე..
ქარისგან მოტანილ მოგონებას
ქარივე წაიღებს დილამდე.