ბებო _ ჩემი ანგელოზი



ბებო ძალიან ლამაზი ქალი იყო; საშუალო სიმაღლის, მკვრივი, სავსე, ჭაღარაშერეული თმებითა და მუდამ მომღიმარი სათნო სახით. მისი ღიმილი იმხელა სიკეთეს და სათნოებას აფრქვევდა, ამის  შემხედვარე, ვერავინ დაიჯერებდა, ოდესმე მას იოტისოდენა ცოდვაც თუ ჰქონდა ჩადენილი. არ ვაზვიადებ, მართლაც ძალიან კეთილი იყო ბებო, უბოროტო, ბავშვის გულის პატრონი.  არასდროს არავის აწყენინებდა და ყოველთვის ამბობდა: „როგორც უნდა მლანძღონ, მაგინონ, _ არ ვუპასუხებ; დაე, მათ მითხრან ზედმეტი,  ჩემგან ცუდი ვინმემ რატომ უნდა გაიგოს; ვინმეს ჩემი სიტყვით ან საქციელით გული რომ ვატკინო, იმ ღამეს როგორ დამეძინებაო!“ სიკეთეს ასმაგი სიკეთით პასუხობდა, ცუდზეც კარგით უხდიდა სამაგიეროს. ჩვენც მუდამ გვარიგებდა,_ წყენა გულში არ ჩაგვედო და ნაკლები გველაპარაკა, რომ ზედმეტი ნათქვამით საქმე არ გაგვეფუჭებინა. გვეუბნებოდა: „კარგობაზე კარგი არაფერიაო!“

ბებო განსაკუთრებულად მიყვარდა. მისთვისაც გამორჩეული შვილიშვილი ვიყავი. იმთავიდანვე, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა ჩემთვის რაც შეეძლო და არ შეეძლო,  დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ყველა სურვილი აესრულებინა. ზოგადად, ყველას მიმართ ასეთი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ მე სხვანაირად ვუყვარდი. ჩემი ლექსები და ნოველები უყვარდა ძალიან, ბავშვობაში რომ ვწერდი. უხაროდა, წარჩინებული მოსწავლე რომ ვიყავი და ამაყობდა ჩემით. ერთადერთ საკითხში ვერ ვთანხმდებოდით: სულ ბრაზობდა როცა ღამეს კითხვაში ვათენებდი. მეუბნებოდა:_ამდენი კითხვით, ეგ ლამაზი თვალები გაგიფუჭდებაო.

ჩვენ მეგობრებიც ვიყავით. ყველა საკითხში მგულშმატკივრობდა და მიუხედავად თავისი სიმორცხვის, სიწმინდის და გარკვეული საკითხების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებისა, ძალიან სწორედ და ჯანსაღად შეიძლებოდა გაეგო და შეეფასებინა ყველა შემთხვევა, თანამედოვეობის ყველა ასპექტში. ვერასდროს დაიჯერებდა ჩემს ცუდ განზრახვას ან საქციელს; თუნდაც რომ დაენახა, ალბათ თვალს დაიბრმავებდა.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მის კალთაში ჯდომა. ჩვეულებას მაშინაც არ ვღალატობდი, როცა უკვე გავიზარდე და ბებოს მუხლებზე ნებივრობა აღარ შემეფერებოდა. ასე, მოზრდილ ასაკშიც, დედაჩემის შეგონებების მიუხედავად,  მივიპარებოდი და მის კალთაში მოვკალათდებოდიხოლმე.

უარს არაფერზე მეუბნებოდა. ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის რაღაც გადანახული. ჩემი სიხარულისთვის ყველაფერს გააკეთებდა: შეეძლო, ნებისმიერ სეზონზე, შუა ღამეს, ჩურჩხელა და გოზინაყი მხოლოდ ჩემთვის გაემზადებინა.  იმ გოზინაყივით ტკბილი იყო ჩემი ბებო..

უგემრიელესი ხელი ჰქონდა. ყველაფერ სხვასთან ერთად, გემრიელ ხინკალს გაამზადებდახოლმე, თავისივე დაწურულ ღვინოს ან გამოხდილ არაყს შენთან ერთად დალევდა, მოყვებოდა ამბებს, შენც მოგისმენდა, რჩევებსაც მოგცემდა და შენთან ერთად იცინებდა უსასრულოდ. ყველას უხაროდა მასთან. დიდსა თუ პატარას, _ ყველას უყვარდა და ყველა ემეგობრებოდა.

მთიული იყო ჩემი მაყვალა, პანტიანიდან. ბავშვობის ამბებს ისე ყვებოდა, თვალწინ წარმოგიდგებოდა კადრებად ყოველი სცენა, ბუჩქი, ხე, ნივთი თუ ადამიანები. მონაყოლს იმდენად რეალურად აღიქვამდი, როგორც ფილმის ყურებისას; ხედავდი, როგორ უკვირდა მზისგან და შრომისგან დასიცხულ ბავშვს, მამამისი ომიდან რატომ აღარ დაბრუნდა; როგორ გაუხარდა და თან როგორ განიცდიდა დედამ ნაწვალები ფულით წითელი ფეხსაცმელები რომ უყიდა; როგორ მიჰქონდა ნაცნობ ბიჭთან თანასოფლელი გოგოს სასიყვარულო ბარათი; როგორ წითლდებოდა სირცხვილისგან, როცა მეზობელ სოფელში მაწვნის გასაყიდად მიმავალს, გზაზე წამოწეული რომელიმე მანქანის მძღოლი ჰაეროვან კოცნას გაუგზავნიდა...

ადრე გათხოვდა, პატარა ასაკში. ძალიან მკაცრი ქმარი ყავდა, თუმცა სამართლიანი, მშრომელი და ოჯახის მოყვარული. შვილები მოწიწებით, რიდით და სიყვარულით გაზარდა. ბევრი წვალება გადაუტანია ბებოს, მაგრამ ბავშვობიდან შრომას შეჩვეულმა, ქმართან ერთად ძლიერი ოჯახი ააშენა და ოთხი შვილიდან, უგზოდ და უსახლოდ არც ერთი არ დატოვა. დაუზარელი იყო, ზედმეტად დაუზარელი, გამრჯე და ბეჯითი ყველა საქმეში.

ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა, ბებო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. სიყვარულით არ გათხოვილა, ქმრისგანაც ბევრი სიმკაცრე ახსოვს, მაგრამ მას ყოველთვის თბილად იგონებდა და ზოგჯერ თვალები აუცრემლიანდებოდახოლმე. „მიყვარხარო“_არასდროს უთქვამს ქმრისთვის. როცა სხვა ურთიერთობებთან შედარებას აკეთებდა, იხსენებდა თავის სიცივეს და იცინოდა, _ მე რომ ჩემი ქმრისთვის ერთხელ მაინც მეთქვა „მიყვარხარ“, ალბათ აღარასდროს მოკვდებოდაო.. _ გგონიათ, ცივი ქალი იყო ან სიყვარული არ იცოდა? არა, უბრალოდ ძალიან მორცხვი იყო, საკუთარ შვილებთანაც კი საოცრად მორიდებული.

ერთადერთი, სიცილი არ ერიდებოდა. ხმამაღალი და გულიანი კისკისი იცოდა. საერთოდ, ბევრი სადარდებელის და განვლილი მძიმე წლების მიუხედავად, მეტად ხალისიანი ქალი იყო. არავის თავის გულისტკივილს და მოღუშულ სახეს არ დაანახებდა, უცხოს და ნაცნობს ხალისით და სიყვარულით ხვდებოდა. ყოველთვის მზად იყო, სტუმრისთვის სული და გული გაეფინა.

ნახევრად მისი გაზრდილი ვარ, ისევე, როგორც მისი შვილიშვილების უმეტესობა. ბავშვობაში ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდით ბებოსთან. როგორც იქ მისვლა, ისე წამოსვლაც სრული დღესასწაული იყო ჩემთვის და ჩემი დისთვის. ეს ის კადრია, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემი გულიდან და თვალებიდან,_ბებოს ჩვეული გამომშვიდობების სცენა.. _ ის ჩვენს მანქანას მხიარული სიცილით და ხელების ქნევით მოსდევდა, ამოუსუნთქავად, ბავშვივით ამოირბენდა სახლიდან ცენტრალურ გზამდე მიმავალ აღმართს და არ ჩერდებოდა მანამ, სანამ მისი ლამაზი, სიცილიანი სახე და ხმა სადღაც სიშორეში არ დაიკარგებოდა.

ამ ტრადიციას აგრძელებდა მოგვიანებით, ჩემს შვილთანაც. ისიც ჩემსავით გამორჩეულად უყვარდა. ამბობდა: „რომ მოვკვდები, პირველი მიწა ლუკამ უნდა დამაყაროსო.“ ასეც მოხდა...

ხშირად ყვებოდა მისი ჩვილობის დროს, დედის ნანახ სიზმარს. ამ დროს ის ავად ყოფილა და სააქაოს პირი აღარ უჩანდა. „ვითომ, ზღვა ხალხში, ქალი დაკარგულ ნემსს ეძებდა და ვერ პოულობდა. როცა უკვე იმედი გადაეწურა, სასოწარკვეთილს, დაკარგული ნივთი უცნობმა კაცმა მიუტანა, გულის ჯიბეში ჩაუდო და უთხრა:_აგერ შენი ნემსი და აღარასდროს დაკარგო, სანამ შენ იქნები, ის ყოველთვის შენთან იქნებაო.“ გამოღვიძებულმა ქალმა ბავშვს დახედა და ნახა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მოგვიანებით, ბებო სიზმარს ასე ხსნიდა: ნემსი შვილია და მე არაფერი დამემართება, სანამ დედაჩემი კარგად იქნებაო. დედამისი 94 წლის ასაკში, სრულიად ჯანმრთელი და აზრიანი, შეიძლება ითქვას მოულოდნელად გარდაიცვალა. ბოლო წლებში ის თაფლითა და ნაზუქებით დატვირთული, ხშირად აკითხავდა ბებოს და რამდენიმე დღით რჩებოდა მასთან. არასდროს მინახავს ბებო ისეთი სევდიანი და მტირალი, როგორც დედამისის გარდაცვალებისას.. და არავინ იცის როგორ მტკიოდა მისი დარდი. მალე წავიდა ბებოც..

ექიმებთან არასდროს დადიოდა. საერთოდ, არ უყვარდა ვინმეს შეწუხება. არ დაუშვებდა, რომ თუნდაც მისი შვილებისთვის ის რაიმე საკითხში ტვირთი ყოფილიყო. არც თავისი ტკივილით შეაწუხებდა ვინმეს. ძალიან უთქმელი იყო, მარტო სხვებზე უნდა ეზრუნა, მარტო სხვებისთვის უნდა მოევლო, მარტო სხვებს უნდა მომსახურებოდა..

ავადმყოფობის ბოლო დღეებში თვალებში სიცოცხლე ჩაუქრა. მისი სიცილიც აღარ იყო ძველებურად ხალისიანი, მაგრამ არ ნებდებოდა და მაინც იღიმოდა, მაინც ყველას ეფერებოდა და ისევ სხვებზე დარდობდა. განიცდიდა, ნემსების გაკეთება რომ მიწევდა,_"როგორ გაწვალებო",_წუხდა და თან მლოცავდა: "გაგახაროს ღმერთმა, როგორი ტკბილიც ხარ, ნემსსაც ისე მიკეთებ; საერთოდ ვერ ვგრძნობ წამლის სიმწარესო.."  მიუხედავად არაადამიანური ტკივილებისა, ბოლო წუთამდე ცდილობდა არ ეწუწუნა, რომ ზედმეტად არავინ შეეწუხებინა. ბოლომდე არ სჯეროდა სიკვდილის და ახლად გაღვიძებული, გაოცებული ყვებოდა, როგორ აკითხავდნენ ნაცნობი მიცვალებულები სიზმარში.

ღმერთის სწამდა, მაგრამ ეკლესიური არასდროს ყოფილა. საოცარი იყო, როგორ ადვილად დაგვთანხმდა მე დაჩემს დას ეკლესიაში აღსარების სათქმელად წასვლაზე და როგორ არ დაეჭვდა თავის მდგომარეობაზე, როცა თავისი „ცოდვებით“ დარცხვენილი, მოძღვართან ასატუზად გავიმეტეთ. როგორი დაიმედებული დაბრუნდა სახლში მაშინ..

ის რომ წავიდა, მინდოდა ყველა დატანჯულიყო, ვისაც მისთვის ოდესმე უწყენინებია. ჩვენ, ახლობელი ადამიანები ხომ ისედაც ვიტანჯებოდით..

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ხელში დალია სული და მე შევისუნთქე მისი ბოლო ამოსუნთქვა, მაინც ვერ ვხედავ მის სიკვდილს და ზუსტად აქ ვაცნობიერებ ცხადად სიტყვა „გარდაცვალების“ მნიშვნელობას. ბებო მუდამ ცოცხალი იქნება ჩემთვის და ყოველთვის ვიგრძნობ როგორი სიყვარულით მადევნებს თვალს სევდანარევი, მაგრამ ჩვეულად ღიმილიანი ანგელოზის სახე.

No comments:

Post a Comment