Sunday, July 15, 2018

როგორ ფერმკრთალდები

როგორ ფერმკრთალდები..
გახსოვს, ჩვენი ჩრდილი 
ბინდში რომ დავტოვეთ
იმ ლანდს ემსგავსები..
როგორ ფერმკრთალდები..

იყო თუ არ იყო,
ისე ცოტა იყო
შენი ნაკვთების 
სწავლას ვერ ვასწრებდი..
როგორ მენატრები..

დამარხულ ოცნებებს
ბოროტად აცილებს 
ჯოჯოხეთისკენ
ქარონის ნავები..
მე კი ვემალები..

რა სევდიანია
ის ბედნიერება
რაც გაიმეტე,
გრძნობებს რომ არქმევდი..


..ბოდიში, სხვას ვწერდი!

Monday, June 27, 2016

დილა..
ყავა ცხელი..
სიზმრიდან მოყოლილი განწყობით
რაღაცას ელი..

ალბათ მზეს ელი ..
ან მარტოობას..
მერე, ფიქრებთან
დარჩენილი იპოვი ამ გრძნობას..


კვირა
გაბნეული,
ამაოებაზე ფიქრში გახვეული
თამბაქოს ბოლში..


რა აზრი აქვს ფიქრს?
რა აზრი აქვს რამეს..
ერთად რომ იყოთ,
მას ხომ ისევ დაავიწყდებოდა,
ყავას უშაქროდ რომ სვამ..

Tuesday, May 3, 2016

ბნელი ღამის ნაბოდვარი

რა ჩუმი ხარ ღამევ!
როგორი ბნელი და მრავლისმთქმელი..
ამავდროულად, არაფრის მთქმელი..
იტევ ყველაფერს და თან ვერაფერს..
ვიფიქრო ისე, მე როგორც მინდა,-
მიშვებ ნებაზე..
ხოდა მე გხედავ შენ მოცეკვავეს
უცხო, მისტიკურ სიმფონიაზე.

რა ჩუმი ხარ ღამევ!
უფრო შავფერი, ვიდრე წყვდიადი..
შენ, ყველა გრძნობის ხარ სამძიმარი.
ვით წევრი ბნელი რიტუალისა,
სახეს გიმალავს შავი ნიღაბი
და უარყავი შენ განთიადი.

რა ჩუმი ხარ ღამევ!
მაძლევ უფლებას, თავისუფლებას,
ნეტარს ყველაზე..
არასდროს გძინავს, არც მაშინ, როცა
თითქოს სინათლე დაგირღვევს კალთებს..

თუმცა, შორს არის სრულყოფილება,
რადგან უნაკლო მხოლოდ ღმერთია!
სად გაქრა შენი იდუმალება,
თუ ვიცი, როდის დამათენდება?..

Friday, March 18, 2016

არ მინდა, არ მინდა, მოვკვდე ახალგაზრდა

მგონია, მოვკვდები ალბათ ახალგაზრდა,
ასე ლამაზი,  ასეთი ნაზი..
მგონია რომ წავალ,სიკვდილის შემდგომაც
დავიპყრობ გულებს ათასი კაცის.
არ მინდა, არ მინდა! - მოვკვდე ახალგაზრდა..
მინდა დავბერდე, ნაოჭით კანზე..
მაინც ვეყვარები მას, ვისაც ვუყვარვარ..
მაინც ლამაზი ვიქნები სხვაზე.

Wednesday, August 5, 2015

კახპა ხარ, აბა რა ხარ?!

როცა სარეცელს უგრძნობლად იცვლი,_
კახპა ხარ, აბა რა ხარ?!
მკერდს რომ ათასი ბაგე გინამავს,_
კახპა ხარ, აბა რა ხარ?!
გრძნობას სხვადასხვა სხეულზე რომ ცლი,_
კახპა ხარ, აბა რა ხარ?!
გულით,_მრავალი მამრის ნაცვალით..
კახპა ხარ, აბა რა ხარ..

სხეულს რომ ლამაზ სამკაულზე ცვლი,_
კახპა ხარ, აბა რა ხარ?!
ერთგულება რომ უცხოა შენთვის,_
კახპა ხარ, აბა რა ხარ?!
სულს სილამაზე სრულად წაართვი,
კახპა ხარ, აბა რა ხარ!
რამდენი "უცხო" ვნებას დაგიღვრის,
კახპა ხარ, აბა რა ხარ!!

ფიქრობ, სიწმინდე აღარ არსებობს,
ყველა სიკეთე დაჭკნა?
ხოდა ძვირფასო, მინდა, რომ გითხრა:_
შენ ხარ პატარა კახპა.




Saturday, May 9, 2015

ფერებიი



გოგო მოგელანდება,
შუაღამის ფერებად,
შენც დახუჭავ თვალებს და
დაიღვრები ფერებად...

მერე დაგათენდება
ყვავილების ფერებით..
იტყვი: ნეტა აქ მყავდეს,_
როგორ მოვეფერებიიი..

დაინახავ კაბაში
იასამნის ფერიანს
და მიხვდები, რომ ზუსტად
იმ ოცნების ფერია..

და შეხვდები მეასედ,
ისევ გულში ფერებით....
ვეღარც კოცნას გაბედავ,
ვეღარც მოეფერები..... :)

ღამე, განმეორდება
გოგო სიზმრად ნაფერი..
ხვდები არ ეკარება
შენს გულს სხვა არაფერი.

Wednesday, September 17, 2014

მზემ წაგიყვანა შენ



მზემ წაგიყვანა შენ..
მეც მინდა მზესთან ვიყო.
ღამე სიბნელეს ფენს.
თვალი შენს ნახვას ითხოვს.

შენ წაგიყვანა მზემ..
მე მეშინია ზამთრის:
ეს სუსხი უკვე მკბენს;
თოვლიც შენს სახელს წაშლის..

მზემ წაგიყვანა შენ..
მეც მზესთან ყოფნას ვითხოვ
ჩვენ დავამთავრეთ ფრედ..
გვითამაშია თითქოს.