მუსიკა, როგორც მკურნალი

მუსიკის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელობა ფიზიკური, მენტალური და სოციალური მდგომარეობაა და არა უბრალოდ დაავადების უქონლობა–ასეთ განმარტებას აკეთებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წელს.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე კი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე აღიარებს, რომ „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია“. 
მართლაც, ჯანმრთელობა ყველაფერი თუ არა თითქმის ყველაფერი და როგორც ამბობენ, ის ადამიანისთვის შეუფასებელი სიმდიდრეა, უძვირფასესი კაპიტალი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება. 
გენეტიკა, ეკოლოგიური პირობები, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი.. _ ერთი შეხედვით, ადამიანის ჯანმრთელობას მთლიანად ამ ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს. თუმცა, ირგვლივ უამრავი რამ არის, რაც ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე დიდ ზეგავლენას ახდენს. 
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთერთი ასეთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ადამიანის ცხოვრებაში და მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე გარკვეული როლი ითამაშოს, მუსიკაა. 
რა როლს თამაშობს მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში, როგორია მისი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე და რამდენად რეალური (ეფექტურია) მუსიკით მკურნალობა?  განსაკუთრებით რომელ დაავადებაზე აღინიშნება მუსიკის დადებითი მოქმედება? რამდენად შესაძლებელია მელოდიის საშუალებით ტკივილის მოხსნა ან შემცირება?
მე შევეცდები, სხვადასხვა წყაროს დახმარებით, ამ კითხვებს ვუპასუხო :)
ლოგიკურია, რომ მუსიკა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ის მოქმედებს სულიერ განწყობაზე, მას შეუძლია  როგორც დაამშვიდოს ადამიანი, მოუხსნას ფსიქოლოგიური დაღლილობა, ზედმეტი აღგზებულობა, სტრესი, ასევე პირიქით, მსმენელი ენერგიაზე მოიყვანოს, დაღალოს ან აგრესიით განაწყოს. ეს ყველაფერი სწორედ შერჩეულ მუსიკაზე, მის მელოდიურობასა და ალბათ პიროვნების გემოვნებაზეც არის დამოკიდებული. ადამიანები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მუსიკას თერაპიული მიზნით, სრულიად გაუცნობიერებლად ვიყენებთ. 
„მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს“,-ეს სიტყვები მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელი დრამატურგს, უილიამ კონგრივის ეკუთვნის, რომლის ჭეშმარიტებას თანამედროვე მეცნიერებაც აღიარებს.
მუსიკა ხელოვნების დარგია, რომელიც აქტიურად მოქმედებს ფსიქიკაზე, ამაღლებს ადამიანის განწყობასა და ზოგადად, სულიერ მდგომარეობას. ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თავის მხრივ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, თუმცა, მუსიკის მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე არც ასეთი ირიბია. აღსანიშნავია, რომ მელოდიური ნოტები ორგანიზმის ფიზიოლოგიურ სიჯანსაღეზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს.
ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ ძველი დროის ადამიანები მივიდნენ:
პითაგორა ამბობდა, რომ „მუსიკით შეიძლება ადამიანის შეშლილობას ვუმკურნალოთ“. სულიერად დაავადებულთა მკურნალობის მიზნით, აღნიშნულ მეთოდს იყენებდა საბერძნეთში, ეპიდავროსის ტაძარში მოღვაწე ცნობილი ექიმი ესკულაპიც. ძველი დროის ისეთმა ექიმებმა, როგორებიც იყვნენ: ჰიპოკრატე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები, თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში, ვოკალურ-ინსტრუმენტალური მუსიკა აქტიურად დანერგეს. თუმცა, ჯერ კიდევ ბიბლიიდან ვიცით, რომ ისრაელთა სულერად დაავადებული მეფე საული დავითის სიმღერის და ქნარზე დაკვრის მოსმენისას მშვიდდებოდა. 
უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკით მკურნალობის მეთოდს თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. დღესაც, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ნერვიულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში, მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ფსიქოლოგი ენტონი სტორი თავის ნაშრომში _ „მუსიკა და ტვინი“ წერს, რომ „მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის მოშლილობით“. 
კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარები, მუსიკის სამკურნალო შესაძლებლობების შესახებ, 400-ზე მეტ ნაშრომს აანალიზებენ და ასკვნიან, რომ მუსიკით ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეიძლება.
ყაზახელმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე, ძალა და ტემბრი სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამას ადასტურებს გერმანელი პროფესორი მენტციც, რომლის განმარტებით, სასიამოვნო ბგერები გულის მუშაობას ანელებენ, უსიამოვნო კი პირიქით, აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორი ფერე კი ასკვნის, რომ მხიარული მელოდიები სისხლძარღვებს აფართოებენ და კუნთოვან ენერგიას აძლიერებენ, სევდიანი და დეპრესიული მელოდიები კი კუნთოვანი ენერგიის მოდუნებას იწვევენ.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სპეციალისტები გამოყოფენ კონკრეტულ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლის მოსმენაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლების დროს მიზანშეწონილია.
მაგალითად, სპეციალისტები უძილობის დროს „სებიელიუსის ვალსის“, გლუკის „მელოდიისა“ და ჩაიკოვსკის პიესების მოსმენას გვირჩევენ. ახლო წარსულში გადატანილ უსიამოვნებას ბრამსის „იავნანა“ და შუბერტის „ავე მარია“ გააქარვებს. ნერვული აღგზნებასა და მოშლილობას ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“ ან „სიხარულის ოდა“ შველის. თავის ტკივილის, შაკიკისა და ყურებში შუილის დროს კი დადებითად მოქმედებს ბეთჰოვენის „ფიდელიო“, მოცარტის „დონ ჟუანი“ და ლისტის „უნგრული რაფსოდია“ #1. მეცნიერების დასკვნით, მუსიკას ჰიპერტონიისგან განკურნებაც შეუძლია, რომელშიც შოპენის „ნოკტურნი რე-მინორი“ და ბახის „პრელუდია და ფუგა რი-მინორი“ დაგეხმარებათ. თურმე, მუსიკა საჭმლის უკეთ მონელებაზეც ახდენს გავლენას, ამ მხივ კი ეფექტურია ბარტოკის „სონატა ვიოლინოსთვის“ ან ლისტის „მეორე კონცერტი“.
ეს ყველაფერი ერთი შეხედვით დაუჯერებელია. :)
მეცნიერები როგორც მუსიკის დადებით, ისე უარყოფით მხარეებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მიმდინარეობის მუსიკა ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზარდებზე. ასეთი მიმდინარეობას შეიძლება განეკუთვნებოდეს მძიმე როკი ან რეპი, რომელიც მსმენელს აზომბირებს და აგრესიულად განაწყობს.
ამერიკელმა პედაგოგმა და პოეტმა, ჰენრი უოდსუორთ ლონგფელომ თქვა, რომ „მუსიკა კაცობრიობის საუკეთესო ენაა“, _ დიახ, ეს არის უნივერსალური, საერთაშორისო ენა, რომელსაც თარგმნა არ სჭირდება, რომელიც კარგად ესმის ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, დიდსა თუ პატარას, ჯანმრთელსა თუ ავადმყოფს და ჯერ კიდევ დაუბადებელ მუცლადმყოფ ჩანასახსაც კი.
მუსიკა უფრო მაღალი ზეშთაგონებაა, ვიდრე რომელიმე სიბრძნე ან ფილოსოფია,_ამბობს ბეთჰოვენი. ის შეიძლება იყოს წამალი არამარტო მსმენელისთვის, არამედ მისი შემოქმედისთვის, რომელიც მას უდიდესი შთაგონებით ქმნის და მასში თავის სიხარულს, ტკივილსა თუ სხვა ცხოვრებისეულ განცდებს აქსოვს..  
„მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგანაც მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები“, - ამბობს მუსიკოსი ბონო, იგივე პოლ დევიდ ჰიუსონი.
ფსიქოლოგები კლასიკური მუსიკის მოსმენას გვირჩევენ, თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ. მთავარია მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც ჩვენს განწყობაზე დადებითად აისახება. მაშ ასე, მიჰყევით განწყობას, აიმაღლეთ სულიერი მდგომარეობა, უსმინეთ გემოვნებიანი ნოტების ჰარმონიას, მიეცით ჯანსაღ მელოდიებს საშუალება მართოს თქვენი ემოციები და შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ :)

ჯანმრთელობას და ამაღლებულ განწყობას გისურვებთ!!

No comments:

Post a Comment